თეგი: სახელმწიფო ინსპექტორი

გორის სამხედრო ჰოსპიტალი: მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კადრების შენახვის არავითარი ვალდებულება აღარ არსებობდა

გორის სამხედრო ჰოსპიტლის მიერ გავრცელებული განცხადებით, ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კადრების შენახვის არავითარი ვალდებულება აღარ არსებობდა. „საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის პერიოდში მის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დამონტაჟდა კამერები. როგორც მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან უკან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა განხორციელდა 30 დეკემბერს, 00:15 საათზე. რადგან აღნიშნული კამერები ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების მიზნებს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ამ კადრების შენახვის არავითარი ვალდებულება აღარ არსებობდა. მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაყვანიდან თითქმის ორი დღის შემდეგ, 31 დეკემბერს 18:25 საათზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან შემოვიდა წერილი, სადაც მოთხოვნილი იყო 27 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით ვიდეომასალის დაარქივება. როგორც უკვე განვმარტეთ, აღნიშნული ვიდეომასალა უკვე წაშლილი იყო, რადგან არ არსებობდა მისი შენახვის არც ვალდებულება და არც მიზანშეწონილობა. უფრო მეტიც, სახელმწიფო ინსპექტორის მოთხოვნა სრულად ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდებოდა, კამერები კვლავ მუშა მდგომარეობაშიც კი რომ ყოფილიყო, რადგან აღნიშნულ კამერებს აქვთ 72-საათიანი მუშაობის რეჟიმი, რის შემდეგაც ავტომატურად ხდება მასალის გადაწერა. სახელმწიფო ინსპექტორის წერილი კი, როგორც აღინიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტლიდან გაწერიდან საკმაოდ დიდი პერიოდის შემდეგ შემოვიდა", - აღნიშნულია განცხადებაში. საკითხზე კომენტარი გააკეთა ექსპრეზიდენტის ადვოკატმა. „როგორც ჩანაწერებიდან ირკვევა, ჰოსპიტალის დირექტორს ჰყოლია ტექნიკური უსაფრთხოების სამსახურში მრჩეველი პირი - სუს-ის მეოთხე სამმართველოს ყოფილი უფროსი დავით ღონიაშვილი, რომელიც არის დაკითხული და ადასტურებს, რომ მიიღო გადაწყვეტილება მასალების წაშლასთან დაკავშირებით. როდესაც ასეთ მნიშვნელოვან პირს და მომხდარ არაერთ ინციდენტს ეხება საკითხი, როგორ მოხდა, რომ სუს-ის ყოფილ ან მოქმედ თანამშრომელს მიუწვდებოდა ხელი ამ მასალებზე და მის მიერ მოხდა მათი გასუფთავება. იმედი გვაქვს, რომ ეს კადრები შენახული იქნება პენიტენციური სამსახურის მიერ, რომელიც გამოთხოვილია სასამართლო გადაწყვეტილებით და ველოდებით მის მიღებას საქმის მასალებში. ჩვენ ვსაუბრობთ ორ ინციდენტზე - ერთი ეს არის მაჯის საათის შეხსნის ინციდენტი, როდესაც ძალის გამოყენებას ჰქონდა ადგილი; მეორე ინციდენტი იყო 27 რიცხვში გადაყვანასთან დაკავშირებით ძალის გამოყენების საკითხი", - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ მედიასთან.

კარლ ჰარცელი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ვიზალიბერალიზაციის ერთ-ერთი პირობის ნაწილი იყო. მის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ინვესტიცია განვახორციელეთ

ევროკავშირი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაინტერესებული მხარეა, რომელმაც მისი შესაძლებლობების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა. „მე გამოვხატე სერიოზული შეშფოთება იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით პარლამენტში ახალ წლამდე დაიწყო, რაც ჩვენ ძალიან დაჩქარებულ პროცესად შევაფასეთ, რომელიც არ იყო საკმარისად ინკლუზიური და მასში ყველა დაინტერესებული მხარე არ იყო ჩართული“. „გარდა იმისა, რომ შეკითხვები გვქონდა პროცესის არსზე, მე ასევე განვაცხადე, რომ ევროკავშირი არის დაინტერესებული მხარე ამ სამსახურთან დაკავშირებით, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის ერთ-ერთი პირობის ნაწილი იყო. ჩვენ ამ ინსტიტუტის ექსპერტიზის და შესაძლებლობების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ინვესტიცია განვახორციელეთ. ეს არის მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომელიც როგორც დემოკრატიული ლანდშაფტის ნაწილი, ახორციელებს კონტროლსა და ბალანსს. იმედი გვაქვს, რომ ის შეშფოთება, რაც გამოითქვა გათვალისწინებული და ასახული იქნება, როდესაც პროცესი გაგრძელდება“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა მედიასთან. ასევე წაიკითხეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება - პარლამენტმა კანონი დაამტკიცა.

კელი დეგნანის თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, პროფესიონალი ადამიანები იკარგებიან და ეს იყო არასაჭირო დანაკარგი, რამაც სისტემა მხოლოდ შეასუსტა

„სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების გათავისუფლება არის დანაკლისი, რადგან ამ დონის გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანები იკარგებიან“, - ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს იყო არასაჭირო დანაკარგი, რამაც მხოლოდ შეასუსტა სისტემა. ელჩმა მოუწოდა პარლამენტს, გამოიყენოს დრო, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად შექმნილი ორი სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე ნამდვილად გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანების შესარჩევად, რომლებიც შეძლებენ ბალანსის უზრუნველყოფას და ზედამხედველობის ფუნქციის შეთავსებას, რაც ამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებადი დემოკრატიისთვის. მან მადლობა გადაუხადა ლონდა თოლორაიას, მის მოადგილეებსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მთელ გუნდს მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის და პროფესიონალიზმისთვის, რომელსაც იჩენდნენ მოვალეობის შესრულებისას, დაეცვათ საქართველოს ყველა მოქალაქის უფლება. „ვფიქრობ, საქართველოს ყველა მოქალაქეს ბოლომდე არ ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ოფისის მიერ გაწეული სამუშაო მათი ყოველდღიური ცხოვრების დასაცავად. პირადი მონაცემების დაცვა არის ერთ-ერთი ისეთი საკითხი, რომელიც მზარდად მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველა ვხედავთ, რამხელა გავლენას ახდენს ეს ჩვენს ცხოვრებაზე, თუმცა არის სხვა მნიშვნელოვანი სერვისები და პასუხისმგებლობები, რასაც ეს სამსახური მოიცავს. ის მნიშვნელოვანია მათ შორის იმ პროფესიონალებისთვის ხელისუფლებაში და სამართალდამცავ უწყებაში, ვისაც სურთ თავისი საქმის კეთება ძალიან მაღალ დონეზე და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ამ ადამიანებსაც იცავს იმით, რომ იძიებს და პასუხისგებაში აძლევს იმ პირებს, ვინც არ აკმაყოფილებენ სტანდარტებს. კარგად ფუნქციონირებადმა დემოკრატიამ უნდა იმუშაოს იმგვარად, რომ დაიცვას მოქალაქეების პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის უფლება. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მისი გუნდის მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ამაყობს მისი თანამშრომლობით ინსპექტორის სამსახურთან და იმ მხარდაჭერით, რომელსაც ამ სამსახურს ვუცხადებდით. დემოკრატია დამოკიდებულია მსგავს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სამსახურებზე, როგორიც არის ინსპექტორის სამსახური, სახალხო დამცველის ოფისი, პროფესიონალი ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოება, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ასრულებენ მათ მოვალეობას იმგვარად, რომ დაცული იყოს ადამიანის უფლებები და დაკმაყოფილებული იყოს მათი საჭიროებები. როგორც ჩვენ ვნახეთ, ეს მოითხოვს ამ სამსახურებისგან გამბედაობას, თანმიმდევრულობას და მოითხოვს პროფესიონალიზმს, რადგან სამუშაო, რომელსაც ეს სამსახურები ასრულებენ, ძალიან ინტენსიურია. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა გავაძლიეროთ საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატია, მათ შორის ისეთი სამსახურები, რომლებიც ასრულებენ ამ მნიშვნელოვან ზედამხედველობის ფუნქციას. ძალიან იმედგამაცრუებელი იყო იმის ნახვა, თუ როგორ იყო მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ყოველგვარი დისკუსიის გარეშე, რომლის დროსაც შეიძლება წარმოდგენილი ყოფილიყო რეფორმები, რათა ეს ინსტიტუცია კიდევ უფრო მეტად გაძლიერებულიყო. უკანასკნელმა პროცესებმა აშკარა დემონსტრირება მოახდინა იმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინსპექტორის სამსახურის მიერ გაწეული სამუშაო. ამ სამსახურის ორ ნაწილად გაყოფის შემთხვევაშიც კი იმედი გვაქვს, რომ ამ გუნდის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაო გაგრძელდება პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტის დაცვით. სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების გათავისუფლება არის დანაკლისი, რადგან ამ დონის გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანები იკარგებიან. ჩემი აზრით, ეს იყო არასაჭირო დანაკარგი, რამაც მხოლოდ შეასუსტა სისტემა. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია მოვუწოდოთ პარლამენტს, რომ გამოიყენოს დრო და იპოვონ ნამდვილად კვალიფიციური და გამოცდილი პროფესიონალები იმ ორი სააგენტოს ხელმძღვანელების პოზიციაზე, რომლებიც იქმნება და ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესის მეთვალყურეობას დიდი ინტერესით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ახალი სამსახურები შეძლებენ ბალანსის დაცვას და ზედამხედველობის როლის მორგებას, რომელიც ამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებადი დემოკრატიისთვის“, - განაცხადა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.

სვენ მიქსერი: ინსტიტუციების დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია და პოლიტიკური წნეხი კანონს მიღმა არის ის, რისი დანახვაც არ გვიხარია

ევროპარლამენტარმა, საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა სვენ მიქსერმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ დეპუტატების კითხვებს უპასუხა. მიქსერის თქმითმ, ამ საკითხზე შეშფოთების მიზეზი ესმის. „სახელმწიფო ინსპექტორთან და სახალხო დამცველთან შეხვედრა მქონდა და კარგად ვიცი პროცესები, რომლებიც განვითარდა. მესმის შეშფოთების მიზეზი არამხოლოდ ქართულ საზოგადოებაში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ამ ინსტიტუციების დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია და პოლიტიკური წნეხი კანონს მიღმა არის ის, რისი დანახვაც არ გვიხარია“, - განაცხადა სვენ მიქსერმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.  

ლონდა თოლორაიას სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო

სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაია სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო და საქმე განსახილველად პირველ კოლეგიას გადასცა. ამის შესახებ განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სარჩელზე მომხსენებელ მოსამართლედ ვასილ როინიშვილი დაინიშნა. „მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, გაავრცელოს ინფორმაცია საქმეზე ლონდა თოლორაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1673). მოსარჩელემ საკონსტიტუციო სასამართლოს მომართა 2022 წლის 28 იანვარს. კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის პროცედურის გავლის შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, კოლეგიებისთვის საქმეთა განაწილების რიგითობის წესის დაცვით, საქმე განსახილველად გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის სასამართლო შემადგენლობიდან, საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად, №1673 კონსტიტუციურ სარჩელზე მომხსენებელ მოსამართლედ დაინიშნა ვასილ როინიშვილი. საკონსტიტუციო სასამართლო, საქმის განხილვისთვის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ, გაავრცელებს ინფორმაციას №1673 კონსტიტუციური სარჩელის განხილვის ჩატარებისა ან/და საქმეზე სამართალწარმოების სხვა პროცედურის განხორციელების შესახებ“, - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაია საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით 28 იანვარს მიმართა.  

საია საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, ლონდა თოლორაიას სარჩელი დროულად განიხილოს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაია სარჩელი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების არაკონსტიტუციურად ცნობას ეხება, 2022 წლის პირველ მარტამდე განიხილოს. როგორც საია-ს განცხადებაშია აღნიშნული, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის 2022 წლის 1-ელი მარტის შემდეგ დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, ლონდა თოლორაია ვერ აღდგება სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებულ თანამდებობაზე. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ლონდა თოლორაიამ საიას დახმარებით, მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს სარჩელი დაარეგისტრირა 2022 წლის 28 იანვარს. გასაჩივრებული ნორმები ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმებას და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის - პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 21 იანვრის №12 და №13 ბრძანებებით, უკვე შექმნილია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიები. საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევ კონკურსებში მონაწილეობის მიზნით, განცხადებების/თანდართული დოკუმენტების მიღების პროცესი დაიწყო 2022 წლის 25 იანვრიდან და 1 თებერვალს დამთავრდა. აღნიშნულმა კომისიებმა თითოეული თანამდებობისათვის უნდა შეარჩიონ არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატურა, რომელთაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენენ. მთავრობის მეთაურისგან კი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობებზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს ორ-ორი კანდიდატურა წარედგინება. 2022 წლის 4 თებერვალს ჩანიშნულია კომისიის სხდომა, რომელმაც უნდა გამოავლინოს კანდიდატები, რომლებიც არჩევის შემთხვევაში, შეუდგებიან უფლებამოსილების შესრულებას 2022 წლის 1 მარტიდან", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსების კანდიდატურები ცნობილია

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ასარჩევად შექმნილმა საკონკურსო კომისიებმა თითოეულ თანამდებობაზე 3-3 კანდიდატი შეარჩიეს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარედგინება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საკონკურსო კომისიებმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე - ელენე ალავერდაშვილი, ემზარ გაგნიძე და კარლო კაციტაძე; ხოლო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე - კახა მაღრაძე, ლელა ჯანაშვილი, თამარ ალფაიძე შეარჩიეს. მთავრობის მეთაური საქართველოს პარლამენტს ასარჩევად თითოეულ თანამდებობაზე 2-2 კანდიდატს წარუდგენს. „კანდიდატები საკონკურსო კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, თითოეულთან ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად შეარჩია. კომისიის წევრებმა იმ კონკურსანტებს მოუსმინეს, რომლებმაც საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილეს და კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაცია სრულყოფილად, შესაბამისი ვადების დაცვით წარადგინეს. ინდივიდუალური გასაუბრებები ჯამში 15-მდე კანდიდატთან ჩატარდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსები საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 17 იანვრის N5 და N6 ბრძანებების საფუძველზე გამოცხადდა. საკონკურსო კომისიების თავმჯდომარეა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი, რომელიც კომისიის წევრებმა, პირველ სხდომაზე, კენჭისყრის საფუძველზე აირჩიეს. საკონკურსო კომისიების შემადგენლობაში არიან: • მიხეილ სარჯველაძე - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; • ანრი ოხანაშვილი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; • გიორგი მიქაუტაძე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე; • ბაკურ აბულაძე - საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე; • გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე; პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემთხვევაში, აღნიშნულ შემადგენლობას ააიპ - „უფლებები საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარე კარლო ნიკოლეიშვილი ემატება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსები გამოცხადდა

კელი დეგნანი: სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელები დამოუკიდებლები უნდა იყვნენ

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს შეხვდა. კელი დეგნანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ახალი სახელმწიფო ინსპექტორის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელების დანიშვნის პროცესზე ისაუბრეს. „ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა სპიკერ შალვა პაპუაშვილთან.  ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა თემა, მათ შორის მისი ბოლო ვიზიტი NATO-ში და მისი შეხვედრები საქართველო-NATO-ს კომისიასთან. ასევე ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ახალი სახელმწიფო ინსპექტორის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელების დანიშვნის პროცესზე. მოვუწოდეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ პროცესი არ დაჩქარდეს და კანონოთ გათვალისწინებულ დროში ამ მართლაც მნიშვნელოვან პოზიციებზე საუკეთესო კანდიდატები შეირჩეს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პასუხისმგებელია მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე. ისინი უნდა იყვნენ დამოუკიდებლები. ისინი უნდა იყვნენ ამ უწყებების ძალიან კვალიფიციური ხელმძღვანელები. ვიმედოვნებთ, რომ ეს არ იქნება ნაჩქარევი პროცესი“, - აღნიშნა კელი დეგნანმა. ელჩი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი საქმე ამჟამინდელ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით, დასრულდება ვიდრე, ახალი დანიშვნები მოხდება. „ამჟამინდელ სახელმწიფო ინსპექტორს ჯერ კიდევ სამი წელი დარჩა კანონიერი ექვსწლიანი მანდატის დასრულებამდე. მის მუშაობასთან დაკავშირებით პარლამენტში ან სხვაგან პრეტენზიები და საჩივრები არ ყოფილა. ასე რომ, კიდევ ერთხელ, ძალიან მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს შესაძლებლობა, დაასრულოს საქმე, ვიდრე ახალი კანდიდატები შეირჩევიან ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობებზე“, - განაცხადა კელი დეგნანმა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შეაჯამეს, რომელიც ბრიუსელში იანვარში შედგა და განიხილეს მის ფარგლებში გამართული შეხვედრები, ასევე, NATO-საქართველოს კომისიის სხდომა. შეხვედრაზე აგრეთვე იმსჯელეს საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, პოლიტიკურ პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე. ინფორმაციისთვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ასარჩევად შექმნილმა საკონკურსო კომისიებმა თითოეულ თანამდებობაზე 3-3 კანდიდატი შეარჩიეს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარედგინება. მათ შორის არის კოკა კაციტაძე, გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი კოკა კაციტაძე.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატის კოკა კაციტაძის პასუხი კითხვაზე, თუ როგორ შეძლებს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატმა კოკა კაციტაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის კითხვას უპასუხა, თუ როგორ შეძლებს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, როდესაც პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეების პროკურორი იყო. კოკა კაციტაძემ აღნიშნა, რომ არასდროს არ ყოფილა სახელმწიფო ბრალმდებელი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელსაც „პიჯაკების საქმეს“ უწოდებენ. ჩამოგითვლით საქმეებს და თქვენ მითხარით, რომელი იყო აქედან პოლიტიკური - ფოტოგრაფების საქმე იყო პოლიტიკური?! კობა დავითაშვილის ცემის საქმე იყო პოლიტიკური? ვიყავი პროკურორი კობა დავითაშვილის გატაცებისა და ცემის საქმეზე - ალბათ, გემახსოვრებათ, როგორ გაიტაცეს ელიავას ბაზრობიდან ადეიშვილის დავალებით სპეცრაზმის თანამშრომლებმა და ფაქტობრივად, მომაკვდავი გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეიყვანეს და გადამალეს. აკურას ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმე იყო პოლიტიკური?! სადაც ადამიანებმა კრედიტი გამოიტანეს ბანკიდან და მერე მერაბიშვილისა და ადეიშვილის დავალებით დაიბარეს და ღვინის ქარხანა ჩამოართვეს. 2011 წლის მაისის აქციიდან გატაცებული ხალხი, ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორში რომ შეიყვანეს, 15 ადამიანი, მაისურების გახდას აიძულებდნენ, არეცხინებდნენ იატაკს და მერე ამ ტალახიან მაისურებს აცმევდნენ. „კაპეზეში“ „მიშა მაგარიაზე“ რომ ამღერებდნენ, ეგ საქმე იყო პოლიტიკური?! მე ამ საქმეებზე ვმუშაობდი და ღიად და გამჭვირვალედ შემიძლია, დიდხანს ვისაუბრო. დამოუკიდებლობის ხარისხის შემოწმება იმით, რომ მე 2007-დან 2012 წლამდე რიგითი პროკურორი ვიყავი და რაღაც საქმეებზე თითქოს თვალს ვხუჭავდი, ასევე, დამოუკიდებლობის ხარისხის შეფასება მარტო იმიტომ, რომ მე ამ პროკურატურაში ვმუშაობ და სპიკერი ვიყავი საზოგადოებისთვის გახმაურებულ საქმეებზე, ეს არის თქვენი მცდელობა ჩემი დისკრედიტაციის, რაც არ გამოგივათ, რადგან ამაში არც ლოგიკაა და არც რაიმე საფუძველი გაქვთ“, - განაცხადა კოკა კაციტაძემ. პარლამენტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელებს მიმდინარე კვირაში აირჩევს

„ქართული ოცნება" სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კოკა კაციტაძეს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამდებობაზე კი, ლელა ჯანაშვილს დაუჭერს მხარს

საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელად “ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს კარლო კაციტაძის კანდიდატურას; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე - ლელა ჯანაშვილის კანდიდატურას. „საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ცოტა გაგვიჭირდა. იმდენად კვალიფიციურ კანდიდატებთან გვქონდა საქმე, პრაქტიკული აღიარება ოპოზიციის მხრიდანაც იყო. საბოლოოდ ჩამოვყალიბდით, რომ კარლო კაციტაძეს დავუჭიროთ მხარი. ერთ-ერთი გადამწყვეტი ისიც იყო, რომ ეს ადამიანი ხელმძღვანელობდა იმ დეპარტამენტს, რომელიც საპროცესო ხელმძღვანელობას უწევდა შესაბამის საგამოძიებო უწყებას და პრაქტიკული გამოცდილება შესაძლოა, მეტი ჰქონდეს ამ მიმართულებით“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.  

კარლ ჰარცელი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაჩქარევად დაშლის მიზეზებს კვლავ ვერ ვხედავთ

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი დემოკრატიული ზედამხედველობა და მონაცემთა სათანადო დაცვა საქართველოს იმ ვალდებულებებად რჩება, რომლებზეც ქვეყანა პასუხისმგებლია. კარლ ჰარცელის თქმით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ევროკავშირმა გამოხატოს ნება და იპოვოს შესაძლებლობა, დაეხმაროს საქართველოს ძირითად სფეროებში რეფორმების განხორციელებაში. „ჩვენ კვლავ ვერ ვხედავთ გასული წლის დეკემბერში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოულოდნელად და ნაჩქარევად დაშლის და სახელმწიფო ინსპექტორის მანდატის ვადამდე შეწყვეტის ობიექტურ მიზეზებს. პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული დანიშვნებს ვითვალისწინებთ, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სააპელაციო პროცესის შედეგებს დაველოდებით. უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი დემოკრატიული ზედამხედველობა და მონაცემთა სათანადო დაცვა საქართველოს იმ ვალდებულებებად რჩება, რომლებზეც ქვეყანა პასუხისმგებლია. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ევროკავშირმა გამოხატოს ნება და იპოვოს შესაძლებლობა, დაეხმაროს საქართველოს ძირითად სფეროებში რეფორმების განხორციელებაში. „რაც შეეხება გადაწყვეტილებას რამდენიმე ოპოზიციური მანდატის შეწყვეტის თაობაზე, გუშინდელი პოლიტიკური არჩევანი გაკეთდა იმ პრინციპების საფუძველზე, რომელთა განხილვას არ დავიწყებ, თუმცა, შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად“, - აღნიშნავს კარლ ჰარცელი. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კოკა კაციტაძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს კი, ლელა ჯანაშვილი უხელმძღვანელებს

ფინეთმა F-35-ის ავიაგამანადგურებლების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან $9,4 მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა

აშშ-მ და ფინეთმა ლოქჰიდ მარტინის კორპორაციის F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების შესყიდვის შესახებ $9.4-მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმეს.  ფინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ამერიკული თვითმფრინავების ყიდვის შესახებ, რომელიც დეკემბერში გამოცხადდა, იყო ქვეყნის თავდაცვის გაძლიერების გრძელვადიანი გეგმის ნაწილი და არა უკრაინის გამო დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებულ დაპირისპირებაზე პასუხი. თუმცა, ფინეთმა ადრე განაცხადა, რომ თვითმფრინავების განლაგებას ქვეყანაში 2027 წელს დაიწყებდა.  „ფინეთი, რომელიც ისტორიულად ნეიტრალურობას ინარჩუნებდა ცივი ომის დროს, ევროკავშირის წევრია, მაგრამ  NATO-ს წევრი არ არის. ბოლო წლებში, ფინეთმა გააძლიერა თანამშრომლობა დასავლურ სამხედრო ალიანსთან და მისი თავდაცვის ძალების პოლიტიკა NATO-სთან თავსებადობას ეფუძნება“, - წერს Reuters-ი.